მომსახურების სააგენტომ, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის პროცედურა გაამარტივა. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეებს, რომელთაც სურვილი აქვთ, შეცვალონ სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრის/მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები, სატრანსპორტო საშუალების მიყვანა და დათვალიერების პროცედურის გავლა აღარ მოუწევთ. მათ, ასევე, აღარ ექნებათ ვალდებულება, წარმოადგინონ ის დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში ინახება.  
  მესაკუთრის/მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილება გულისხმობს კონკრეტული პირის მიერ სახელის, გვარის ან/და სარეგისტრაციო მისამართის შეცვლას, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ხელახალი რეგისტრაციის საჭიროებას წარმოშობს.
  რეგისტრაციის პროცედურა მარტივდება იმ შემთხვევაში, თუ არ იცვლება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან არ ხდება უშუალოდ სატრანსპორტო საშუალების მონაცემების ტექნიკური მახასიათებლების და ნომრიანი აგრეგატების ცვლილება. ამასთანავე, ეს ეხება მხოლოდ 2007 წლის 1 თებერვლის შემდეგ რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებს.
 შეგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულში (მათ შორის თბილისის მომსახურების ცენტრში). ამისათვის საჭიროა წარმოადგინოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, საიდენტიფიკაციო მონაცემის ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ძველი სარეგისტრაციო მოწმობა.