სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშანს იურიდიული ძალა უნარჩუნდება 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.


დაინტერესებულ პირებს 2021 წლის 24 თებერვლიდან მიეცემათ შესაძლებლობა მსუბუქი ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრების (სანომრე ნიშანი) შეცვლა განახორციელონ დისტანციურ რეჟიმში (ელექტრონული ფორმით, მობილური აპლიკაციის მეშვეობით), ხოლო 2021 წლის 1 აპრილიდან დაინტერესებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ დისტანციური მომსახურება სატრანსპორტო საშუალების ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლისას.


ელექტრონული ფორმით სააგენტოს მიმართვის უფლება აქვს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ რეგისტრირებულ:

• სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს;

• საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე სრულწლოვან უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

 თანასაკუთრებაში რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე სანომრე ნიშნების შეცვლის მოთხოვნის უფლების მქონე პირს წარმოადგენს ის თანამესაკუთრე, რომელზეც გაცემულია სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა.

დისტანციური მომსახურების მისაღებად სააგენტოს მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაციის წესი

დისტანციური მომსახურების მისაღებად დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოს მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაციის მიზნით მიეთითება:

• პირადი ნომერი;

• დაბადების თარიღი;

• მობილური ტელეფონის ნომერი;

• ელექტრონული ფოსტის მისამართი.


დისტანციური მომსახურების მისაღებად დაინტერესებული პირის ელექტრონული მიმართვა უნდა შეიცავდეს:

• სატრანსპორტო საშუალების შესაცვლელი რეგისტრაციის ნომერის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) სერიას და ნომერს;

• დაინტერესებული პირისთვის სასურველი სერიული (შესაძლებელია მხოლოდ იმ სერიული სანომრე ნიშნის შერჩევა, რომელიც ხელმისაწვდომია მობილური აპლიკაციის მეშვეობით) ან ინდივიდუალური წესით შერჩეულ (არასერიული) რეგისტრაციის ნომერის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) სერიას და ნომერს;

• სააგენტოს იმ სტრუქტურული ერთეულის დასახელება, რომელშიც დაინტერესებულ პირს სურს შეცვლილი სარეგისტრაციო ნიშნების მიღება და შესაცვლელი სარეგისტრაციო ნიშნების (მათი არსებობის შემთხვევაში) წარდგენა;

• ინფორმაცია მომსახურების საფასურის გადახდის შესახებ;

• დასტური, იმის თაობაზე, რომ სატრანსპორტო საშუალების ბოლო რეგისტრაციისას მონაცემთა ბაზაში ასახული მონაცემები (მექანიკური სატრანსპორტო საშუალების: მარკა; მოდელი; ძარას ტიპი; საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი; გამოშვების წელი; ფერი; ძრავას ნომერი; ძრავას მოცულობა; საწვავის ტიპი; ძარას ნომერი; შასის ნომერი; დასაშვები წონა; დაუტვირთავი წონა) არ არის შეცვლილი.


დაინტერესებული პირის ელექტრონული მომართვის განხილვის შედეგები:

სააგენტო განიხილავს დაინტერესებული პირის ელექტრონულ მომართვას და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უზრუნველყოფს რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებას(მზადდება სახელმწიფო სანომრე ნიშანი და სარეგისტრაციო მოწმობა):

 სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნების შეცვლა დასაშვებია მიუხედავად იმისა, უფლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა აღრიცხულია თუ არა სატრანსპორტო საშუალებაზე;

 სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნების შეცვლა ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების გარეშე.

 პირი ვალდებულია გამოცხადდეს სააგენტოში ელექტრონული მოთხოვნის წარდგენიდან არაუადრეს მე-4 სამუშაო დღისა, მაგრამ არაუგვიანეს მე-6 სამუშაო დღისა;

 სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნები და სარეგისტრაციო მოწმობა დაინტერესებულ პირს ან მის წარმომადგენელს (თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დასტურდება სანოტარო წესით დამოწმებული/დადასტურებული მინდობილობით) გადაეცემა მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში;

 დაინტერესებული პირის სააგენტოში გამოცხადებისას დგება აქტი, რომელზეც ხელს აწერს დაინტერესებული პირი ან მისი წარმომადგენელი (თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დასტურდება სანოტარო წესით დამოწმებული/დადასტურებული მინდობილობით) (აქტში მიეთითება ინფორმაცია შესაცვლელი სარეგისტრაციო ნიშნებისა და შეცვლილი სარეგისტრაციო ნიშნები რაოდენობის შესახებ, გაფრთხილება დაინტერესებული პირის მიერ არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, შესაძლო პასუხისმგებლობის შესახებ);

 ელექტრონული მომართვისას სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია იურიდიულ ძალას იძენს დაინტერესებული პირის ან მისი წარმომადგენელის (თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დასტურდება სანოტარო წესით დამოწმებული/დადასტურებული მინდობილობით) სააგენტოში გამოცხადების, აქტზე ხელმოწერისა და სარეგისტრაციო ნიშნების გადაცემის შემდგომ;

 დაინტერესებული პირის ან მისი წარმომადგენელის (თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დასტურდება სანოტარო წესით დამოწმებული/დადასტურებული მინდობილობით) გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დამზადებული შესაცვლელი სარეგისტრაციო ნიშნები და რეგისტრაციაში ცვლილებები კარგავს იურიდიულ ძალას. ამასთან, გადახდილი მომსახურების საფასური უკან არ ბრუნდება.


დისტანციური მომსახურება არ განხორციელდება თუ:

• მომსახურების გაწევას ითხოვს არაუფლებამოსილი პირი;

• სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით ვერ ხორციელდება მესაკუთრის იდენტიფიცირება;

• მესაკუთრის პირადობის ან ბინადრობის მოწმობის მოქმედება შეჩერებული ან გაუქმებულია;

• მესაკუთრის მიერ სრულად წარმოდგენილი არ არის მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია;

• მესაკუთრე არ ადასტურებს, რომ სატრანსპორტო საშუალების ბოლო რეგისტრაციისას მონაცემთა ბაზაში ასახული მონაცემები (მექანიკური სატრანსპორტო საშუალების: მარკა; მოდელი; ძარას ტიპი; საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი; გამოშვების წელი; ფერი; ძრავას ნომერი; ძრავას მოცულობა; საწვავის ტიპი; ძარას ნომერი; შასის ნომერი; დასაშვები წონა; დაუტვირთავი წონა) არ არის შეცვლილი;

• მესაკუთრე ან სატრანსპორტო საშუალება იძებნება;

• მესაკუთრე არ უზრუნველყოფს შესაცვლელი სარეგისტრაციო ნიშნების სააგენტოსათვის ჩაბარებას (გარდა მათი დაკარგვის შემთხვევისა);

• მესაკუთრე ან მისი წარმომადგენელი უარს აცხადებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აქტის ხელმოწერაზე;

• არ არის გადახდილი მომსახურების საფასური;

• არსებობს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის სხვა სამართლებრივი საფუძველი.