მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის რიგში ადგილის დაჯავშნის წესები


სააგენტო - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;

რიგის დაჯავშნა - მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე (გარდა „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდისა) დასაშვებად ადგილის დაჯავშნა მძღოლობის კანდიდატის მიერ, რომლის მიზანია მძღოლობის კანდიდატის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე შესაძლო დაშვების დროის განსაზღვრა;

მძღოლობის კანდიდატი - პირი, რომელსაც სურს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარება და რეგისტრირდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის რიგში.

რიგის დასაჯავშნად სავალდებულოა, მძღოლობის კანდიდატი გაეცნოს სააგენტოს მიერ მომზადებულ რიგის დაჯავშნის წესებს და მასზე და სააგენტოს მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე განაცხადოს თანხმობა. თანხმობის გაცხადებად მიიჩნევა შესაბამის ფანჯარაში შესაბამისი თანხმობის ღილაკის მონიშვნა.

მძღოლობის კანდიდატი აცხადებს თანხმობას, სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის მიზნით (მძღოლობის კანდიდატის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების მიზნით), განახორციელოს მისი-მძღოლობის კანდიდატის პერსონალური მონაცემების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან და ნებისმიერი დაწესებულებისგან გამოთხოვა, მიღება და დამუშავება, მათ შორის აღნიშნული მიზნით სააგენტოს მონაცემთა ბაზების დამუშავება.

• მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ზუსტად და სრულყოფილად შეავსოს (მიუთითოს), რიგის დასაჯავშნად, ველებში მითითებული შემდეგი მონაცემები /ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები):

  1.  მძღოლობის კანდიდატის პირადი ნომერი, ხოლო იმ პირის შემთხვევაში, რომელზეც საქართველოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული არ არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი;
  2.  მობილური ტელეფონის ნომერი;
  3. სააგენტოს სტრუქტურული ერთეული, სადაც მძღოლობის კანდიდატს სურს მომსახურების მიღება (სტრუქტურული ერთეულის არჩევა ხდება ელექტრონული სისტემის მიერ გენერირებული ჩამონათვალიდან);
  4. დრო, როდესაც სურს მძღოლობის კანდიდატს მომსახურების მიღება (დროის არჩევა ხდება ელექტრონული სისტემის მიერ გენერირებულ კალენდარში არსებული თავისუფალი დროიდან);
  5. სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

• მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ელექტრონული სისტემის მიერ განსაზღვრული დროის მონაკვეთში ელექტრონულად გადაიხადოს სააგენტოს მომსახურების საფასური, ელექტრონული სისტემის მიერ ავტომატურად გენერირებული საფასურის გადახდის ველის მეშვეობით.

• სააგენტო რიგის დაჯავშნის ან დაჯავშნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას მძღოლობის კანდიდატს აცნობებს ზეპირი ან წერილობითი (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით) ფორმით;

• მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია შეინახოს და გამოცდაზე გამოცხადებისას წარადგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (რომელიც შესაძლებელია იყოს როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული, მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინების (სმს) სახით);

• სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლების შესახებ გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია გადაიხადოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შესაბამის საფასურსა და მის მიერ გადახდილ/გადასახდელ თანხას შორის სხვაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლობის კანდიდატი გამოცდაზე არ დაიშვება.

• რიგის დაჯავშნა არ გულისხმობს სააგენტოს ვალდებულებას, დაუშვას მძღოლობის კანდიდატი გამოცდაზე, თუ მძღოლობის კანდიდატის მიერ არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები ან არსებობს მართვის უფლების მინიჭების შემზღუდავი გარემოება;

• მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია თეორიული გამოცდის დაწყებამდე სულ მცირე 10 წუთით ადრე გამოცხადდეს თეორიულ გამოცდაზე;

• მძღოლობის კანდიდატის მიერ დაჯავშნილ დროს თეორიულ გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში რიგის შემდგომი დაჯავშნა დაიშვება (თეორიული გამოცდის დღედ შეიძლება არჩეულ იქნეს) არაუადრეს წინა რიგის დაჯავშნის დღის მე-7 კალენდარული დღისა. შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ მძღოლობის კანდიდატი გამოცდაზე გამოცხადების დრომდე 72 საათით ადრე გააუქმებს ჯავშანს ან შეცვლის ჯავშნის დროს;

• მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დასაშვებად, სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებისას თან იქონიოს:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე საცხოვრებელი ადგილის ამსახველი დოკუმენტი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არ არის აღნიშნული მისამართი (იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირს საქართველოში არ გააჩნია რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის ადგილი, ან იგი რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, საცხოვრებელ ადგილად შეიძლება ასახულ იქნეს მის მიერ ზეპირი ან წერილობითი ფორმით მითითებული ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი);
  2. მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში სათანადო მომზადების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც 18 წელს მიღწეული პირის დაშვება ხორციელდება „B“ კატეგორიის/„A1“, „A2“ ან „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე, ხოლო 21 წლის ასაკს მიღწეული პირის „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაშვებაზე);
  3. მართვის მოწმობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:

o მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების მოთხოვნამდე მძღოლობის კანდიდატს უკვე მოპოვებული აქვს სხვა კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის მართვის უფლება და გაცხადებული არ აქვს მართვის მოწმობის დაკარგვის თაობაზე. ამ შემთხვევაში, დოკუმენტების მიღების შემდგომ, პირს უბრუნდება წარდგენილი მართვის მოწმობა და მისი განმეორებით ჩასაბარებლად წარდგენის ვალდებულება წარმოეშობა მხოლოდ ახალი მართვის მოწმობის გაცემის საფუძვლის წარმოშობისას;

o საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის საფუძველზე გამოცდაზე დაშვების მოთხოვნამდე მძღოლობის კანდიდატს მართვის მოწმობა არ აქვს ჩამორთმეული ან დაკარგული;

  1. დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტი - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის მე-6 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში (აღნიშნული დოკუმენტის სააგენტოში წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ სააგენტოში აღნიშნული გარემოებების დადგენა შესაძლებელია შესაბამისი ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით);
  2. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.

• ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის ან/და არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში მძღოლობის კანდიდატი არ დაიშვება გამოცდაზე.

• სააგენტო უზრუნველყოფს მისი კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, მძღოლობის კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, დაცვას, უსაფრთხოებას და მის კომფიდენციალურობას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თანხმობის შემთხვევაში მონიშნეთ აღნიშნული (თანხმობის) ღილაკი

საყურადღებოა:

• მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს თან იქონიოს:

  1. წყალი;
  2. პირადი ჰიგიენის ნივთები;
  3. საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნივთები, გამომცდელის წინასწარი თანხმობით.

• მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატს ეკრძალება:

  1. მობილურის ან სხვა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების შეტანა;
  2. ფოტო ან ვიდეო-აპარატურის შეტანა;
  3. დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლებისა და სხვა მასალების გამოყენება;
  4. გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა მძღოლობის კანდიდატებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
  5. თეორიული გამოცდის ჩაბარების ადგილის გამომცდელის ნებართვის გარეშე დატოვება;
  6. გამოცდაზე ნებადართული ნივთების გარდა სხვა ნივთების შეტანა;
  7. გამომცდელის მითითების გარეშე მართვის უფლების მისაღები გამოცდის დაწყება;
  8. თეორიულ გამოცდაზე, საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება ან საგამოცდო ოთახში დარჩენა;
  9. ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში გამოცდაზე გამოცხადება;
  10. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, საგამოცდო პროცესის შეფერხება, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფა ან სხვა მსგავსი ქმედება;
  11. შესაბამისი მძღოლობის კანდიდატის ნაცვლად გამოცდაზე სხვა მძღოლობის კანდიდატის ან მესამე პირის გასვლა (საგამოცდო სამსახურის შეცდომაში შეყვანის გზით ან მის გარეშე);
  12. მძღოლობის კანდიდატის მიერ გამოცდის მიმდინარეობის ფოტო/ვიდეო გადაღება ან/და აუდიო ჩაწერა;
  13. ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც აფერხებს გამოცდის მსვლელობას ან მიმართულია გამოცდის პროცესის ჩაშლისკენ.