მიმდინარე წლის 14 ივლისიდან ამოქმედდება „სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომელის მიხედვითაც იცვლება გარკვეული სერვისების ვადები და საფასურები.

მათ შორის, ცვლილებების მიხედვით, ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე განახორციელონ შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღის გადატანა შენახვის ადგილიდან ტირში ან სასროლეთში.

ამასთანავე, 14 ივლისიდან, სატრანსპორტო საშუალების ფასიანი სახელმწიფო სანომრე ნიშნის შენახვის განსხვავებული წესი ამოქმედდება. კერძოდ, მომსახურების სააგენტო ფასიან სანომრე ნიშანს შეინახავს არა ფიზიკურად, არამედ ,,ვირტუალურად’’ - ელექტრონულ ბაზაში, 7 თვის ნაცვლად, 365 კალენდარული დღის ვადით. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, სახელმწიფო სანომრე ნიშნის გაცემა მოითხოვოს მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში.

ასევე, იცვლება მომსახურების სააგენტოს ცნობების გაცემის დადგენილი ვადები და საფასურები. ნასამართლობის შესახებ, პირის მსჯავრდების შესახებ და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობების დამზადების ვადა 5 სამუშაო დღიდან მცირდება 3 სამუშაო დღემდე და საფასური შეადგენს 20 ლარს. დაჩქარებული მომსახურების ვადად რჩება 1 სამუშაო დღე. აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველი პირები თავისუფლდებიან აღნიშნული ცნობების საფასურის გადახდისაგან.

აგრეთვე იცვლება სატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმებისა და დათვალიერების საფასურები.
საფასურებისა და ვადების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:matsne.gov.ge