შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აგრძელებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან "C" და "D" კატეგორიების და "C1" და "D1" ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა.

ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე, რაც გულისხმობს რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებას. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება. თითოეული საგამოცდო სამსახურისთვის შემუშავებულია რამდენიმე საგამოცდო მარშრუტი.

პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატს აქვს 365 კალენდარული დღე პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად.

კანდიდატს უფლება ეძლევა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდეს პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღის შემდეგ, ხოლო უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატი მომდევნო გამოცდაზე დაიშვება არაუადრეს 30 დღის ინტერვალით.

"C" და "D" კატეგორიების და "C1" და "D1" ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად კანდიდატმა საჭიროა დაჯავშნოს რიგი. რიგის დაჯავშნა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს სტურუქტურულ ერთეულებში, სააგენტოს ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის საშუალებით, ასევე ბანკების სწრაფი მომსახურების აპარატებისა და შესაბამისი ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.

გარდა აღნიშნული ცვლილებებისა, 1-ლი სექტემბრიდან „B“, „BE“, „C" და „D" კატეგორიების და „C1" და „D1" ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები დაემატა.

გამომცდელის მიერ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაწყებამდე კანდიდატისთვის მიცემული იქნება 2 დავალება, რომელზეც კანდიდატმა საჭიროა პასუხი გასცეს ვიზუალურად ჩვენებით ან ზეპირად/თავისუფალი თხრობით გადმოცემით.

აღნიშნული ცვლილებები არ შეეხებათ მძღოლობის იმ კანდიდატებს, რომლებმაც 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე წარმატებით ჩააბარეს თეორიული გამოცდა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები ორ ეტაპიანი 2022 წლის 25 აპრილიდან გახდა.