მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდის რიგში ადგილის დაჯავშნის წესები
სააგენტო - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;
რიგის დაჯავშნა - მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დასაშვებად ადგილის დაჯავშნა მძღოლობის კანდიდატის მიერ, რომლის მიზანია მძღოლობის კანდიდატის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე შესაძლო დაშვების დროის განსაზღვრა;
მძღოლობის კანდიდატი - პირი, რომელსაც სურს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება და რეგისტრირდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის რიგში.
რიგის დასაჯავშნად სავალდებულოა, მძღოლობის კანდიდატი გაეცნოს სააგენტოს მიერ მომზადებულ რიგის დაჯავშნის წესებს და მასზე და სააგენტოს მიერ მისი პერსონალური და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებაზე განაცხადოს თანხმობა. თანხმობის გაცხადებად მიიჩნევა შესაბამის ფანჯარაში შესაბამისი თანხმობის ღილაკის მონიშვნა.
მძღოლობის კანდიდატი აცხადებს თანხმობას, სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის მიზნით (მძღოლობის კანდიდატის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების მიზნით), განახორციელოს მისი-მძღოლობის კანდიდატის პერსონალური და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან და ნებისმიერი დაწესებულებისგან გამოთხოვა, მიღება და დამუშავება, მათ შორის აღნიშნული მიზნით სააგენტოს მონაცემთა ბაზების დამუშავება.
მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ზუსტად და სრულყოფილად შეავსოს (მიუთითოს), რიგის დასაჯავშნად, ველებში მითითებული შემდეგი მონაცემები /ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები):
1. მძღოლობის კანდიდატის პირადი ნომერი, ხოლო იმ პირის შემთხვევაში, რომელზეც საქართველოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული არ არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი;
2. მობილური ტელეფონის ნომერი;
3. სააგენტოს სტრუქტურული ერთეული, სადაც მძღოლობის კანდიდატს სურს მომსახურების მიღება (სტრუქტურული ერთეულის არჩევა ხდება ელექტრონული სისტემის მიერ გენერირებული ჩამონათვალიდან);
4. დრო, როდესაც სურს მძღოლობის კანდიდატს მომსახურების მიღება (დროის არჩევა ხდება ელექტრონული სისტემის მიერ გენერირებულ კალენდარში არსებული თავისუფალი დროიდან);
5. სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
6. სატრანსპორტო საშუალების გადაცემათა კოლოფი (მექანიკური/ავტომატური), რომელზეც სურს მძღოლობის კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება;
• მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ელექტრონული სისტემის მიერ განსაზღვრული დროის მონაკვეთში ელექტრონულად გადაიხადოს სააგენტოს მომსახურების საფასური, ელექტრონული სისტემის მიერ ავტომატურად გენერირებული საფასურის გადახდის ველის მეშვეობით.
• მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ზუსტად და სრულყოფილად შეავსოს სარეგისტრაციო მონაცემები. მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია მძღოლობის კანდიდატი;
• სააგენტო რიგის დაჯავშნის ან დაჯავშნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას მძღოლობის კანდიდატს აცნობებს ზეპირი ან წერილობითი (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით) ფორმით;
• მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია შეინახოს და გამოცდაზე გამოცხადებისას წარადგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (რომელიც შესაძლებელია იყოს როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული, მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინების (სმს) სახით);
• სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლების შესახებ გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია გადაიხადოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შესაბამის საფასურსა და მის მიერ გადახდილ/გადასახდელ თანხას შორის სხვაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლობის კანდიდატი გამოცდაზე არ დაიშვება.
• რიგის დაჯავშნა არ გულისხმობს სააგენტოს ვალდებულებას, დაუშვას მძღოლობის კანდიდატი გამოცდაზე, თუ მძღოლობის კანდიდატის მიერ არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები ან არსებობს მართვის უფლების მინიჭების შემზღუდავი გარემოება;
• მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში რიგის ჯავშნით გათვალისწინებულ დრომდე 15 წუთით ადრე. გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატის აღნიშნული დროის დარღვევით გამოცხადების ან გამოუცხადებლობის შემთხვევაში ხდება მძღოლობის კანდიდატის დისკვალიფიკაცია და მძღოლობის კანდიდატს გადახდილი მომსახურების საფასური უბრუნდება მხოლოდ ნაწილობრივ (საფასურის 50 %) კანონით დადგენილი წესით. ხოლო, რიგის შემდგომი დაჯავშნა დაიშვება წინა რიგის დაჯავშნის დღიდან 30 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ და პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მძღოლობის კანდიდატის დაშვება შესაძლებელია დისკვალიფიკაციიდან არაუადრეს 90 კალენდარული დღისა. აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება, თუ მძღოლობის კანდიდატი გამოცდაზე გამოცხადების დრომდე 72 საათით ადრე გააუქმებს ჯავშანს ან შეცვლის ჯავშნის დროს;
• მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დასაშვებად, სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებისას თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
• სააგენტო უზრუნველყოფს მისი კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, მძღოლობის კანდიდატის პერსონალური და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებას, დაცვას, უსაფრთხოებას და მის კომფიდენციალურობას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თანხმობის შემთხვევაში მონიშნეთ აღნიშნული (თანხმობის) ღილაკი.
საყურადღებოა:
• მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს თან იქონიოს:
1. წყალი;
2. პირადი ჰიგიენის ნივთები;
3. საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნივთები, გამომცდელის წინასწარი თანხმობით.
• მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატს ეკრძალება:
1. მობილურის ან სხვა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების შეტანა;
2. ფოტო ან ვიდეო-აპარატურის შეტანა;
3. დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლებისა და სხვა მასალების გამოყენება;
4. გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა მძღოლობის კანდიდატებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
5. საგამოცდო ავტომობილის ადგილის გამომცდელის ნებართვის გარეშე დატოვება;
6. გამოცდაზე ნებადართული ნივთების გარდა სხვა ნივთების შეტანა;
7. გამომცდელის მითითების გარეშე მართვის უფლების მისაღები გამოცდის დაწყება;
8. პრაქტიკული გამოცდის დასრულების შემდეგ გამომცდელის თანხმობის/მოთხოვნის გარეშე საგამოცდო ავტომობილში დარჩენა;
9. ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში გამოცდაზე გამოცხადება;
10. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, საგამოცდო პროცესის შეფერხება, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფა ან სხვა მსგავსი ქმედება;
11. შესაბამისი მძღოლობის კანდიდატის ნაცვლად გამოცდაზე სხვა მძღოლობის კანდიდატის ან მესამე პირის გასვლა (საგამოცდო სამსახურის შეცდომაში შეყვანის გზით ან მის გარეშე);
12. გამომცდელის მითითების გარეშე პრაქტიკული გამოცდით გათვალისწინებული ელემენტის ან მოქმედების არათანმიმდევრულად შესრულება ან პრაქტიკული გამოცდით გაუთვალისწინებელი ელემენტის ან მოქმედების შესრულება;
13. საგამოცდო მარშრუტიდან გადახვევა, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევისა;
14. მძღოლობის კანდიდატის მიერ გამოცდის მიმდინარეობის ფოტო/ვიდეო გადაღება ან/და აუდიო ჩაწერა;
15. ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც აფერხებს გამოცდის მსვლელობას ან მიმართულია გამოცდის პროცესის ჩაშლისკენ.