სააგენტო - სსიპ საქართველოს შიანაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;

მძღოლობის კანდიდატი - პირი, რომელსაც სურს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარება და რეგისტრირდება სატრასპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის რიგში;

• მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია სრულყოფილად და სწორად შეავსოს სარეგისტრაციო მონაცემები. მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია მძღოლობის კანდიდატი;

• მძღოლობის კანდიდატის მიერ სარეგისტრაციო მონაცემების სრულყოფილად შევსებისა და დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ სააგენტო უზრუნველყოფს მძღოლობის კანდიდატის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის რიგში ადგილის დაჯავშნას (შემდგომში - ელექტრონული ჯავშანი);

• მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია შეინახოს და თეორიულ გამოცდაზე გამოცხადებისას წარადგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (რომელიც შესაძლებელია იყოს როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული, მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინების (სმს) სახით);

• ელექტრონული ჯავშანი არ გულისხმობს მძღოლობის კანდიდატის პირდაპირ გამოცდაზე დაშვებას. ამ პირობებით განსაზღვრული დოკუმენტაციის სააგენტოს შესაბამის მომსახურების ცენტრში წარდგენისა და მართვის უფლების მინიჭების შემზღუდავი გარემოების არარსებობის შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატს მიენიჭება უნიკალური ნომერი და მოხდება მისი ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია, რის შემდეგაც მოხდება მძღოლობის კანდიდატის გამოცდაზე დაშვება;

• მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია გამოცდაზე გამოცხადდეს გამოცდამდე 10 წუთით ადრე.

• მძღოლობის კანდიდატის მიერ მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მის მიერ მართვის უფლების მისაღები შემდგომი თეორიული გამოცდის დღედ შეიძლება არჩეულ იქნეს არაუადრეს გამოცდის დღის მე-7 კალენდარული დღისა;

• მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დასაშვებად, სააგენტოს შესაბამის მომსახურების ცენტრში გამოცხადებისას თან იქონიოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ პირი სარგებლობს სტუდენტისთვის დაწესებული შეღავათიანი საფასურით, მაშინ ასევე „სტუდენტის“ სტატუსის აღნიშვნის მქონე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა;

ბ) საცხოვრებელი ადგილის ამსახველი დოკუმენტი, თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი არ მოიცავს აღნიშნულ ინფორმაციას, ამასთან ამ პუნქტის მიზნებისთვის საცხოვრებელ ადგილად შეიძლება ასახული იქნეს:

ბ.ა) საქართველოს ტერიტორიაზე მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის მისამართი;

ბ.ბ) წერილობითი თანხმობის საფუძველზე, საქართველოში განსაზღვრულ მისამართზე რეგისტრირებული სრულწლოვანი პირის რეგისტრაციის ადგილი.

გ) მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში სათანადო მომზადების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „B” კატეგორიის, ასევე „A1“ ან „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე ხდება 18 წელს მიღწეული პირის დაშვება);

დ) მართვის მოწმობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:

დ.ა) მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების მოთხოვნამდე მძღოლობის კანდიდატს უკვე მოპოვებული აქვს სხვა კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება);

დ.ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის 41 ნაწილის საფუძველზე გამოცდაზე დაშვების მოთხოვნამდე მძღოლობის კანდიდატს მართვის მოწმობა არ აქვს ჩამორთმეული ან დაკარგული;

ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ მის მიერ სააგენტოში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ბოლო წარმოდგენიდან არ არის გასული 180 კალენდარული დღე და აღნიშნული ცნობით დასტურდება მოთხოვნილი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შესაბამისობა);

   ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები.

• ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის ან/და არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში მძღოლობის კანდიდატი არ დაიშვება გამოცდაზე.

• სააგენტო უზრუნველყოფს მისი კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, მძღოლობის კანდიდატის პერსონალური მონაცემების დაცვასა და მის კონფიდენციალურობას.

• მძღოლობის კანდიდატის მიერ შესაბამისი სარეგისტრაციო მონაცემების შევსება და თეორიული გამოცდის რიგში ადგილის დაჯავშნა, მიიჩნევა წინამდებარე პირობების გაცნობად და მასზე თანხმობის გაცხადებად, რაც უფლებას ანიჭებს სააგენტოს დაამუშაოს მისი (მძღოლობის კანდიდატის) პერსონალური მონაცემები და გადაამოწმოს სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

შენიშვნა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტუდენტი და 18 წლამდე პირი შეღავათით სარგებლობს მხოლოდ ერთჯერადად, თეორიულ გამოცდაზე პირველად გასვლისას, შესაბამისად თეორიული გამოცდის რიგში განმეორებით ადგილის დაჯავშნისას, არ უნდა მოინიშნოს „სტუდენტი“ ან/და „მძღოლობის კანდიდატის ასაკი (18 წლამდე)“.