მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სერვისცენტრი ამ დროისთვის საგანგებო რეჟიმში მუშაობს. კერძოდ, მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გაზრდილია სამუშაო საათების რაოდენობა და მოქალაქეებს მართვის მოწმობის შეცვლა შეუძლიათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, 09:30 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30 საათიდან 18:00 საათამდე. 
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს საქართველოში 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული C, D და E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები.
გვსურს, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ცვლილება არ ეხება B კატეგორიის, ანუ მსუბუქი ავტომობილის კატეგორიის მართვის მოწმობებს, ასევე, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც B კატეგორიასთან ერთად, დამატებით აქვთ C, D ან CD კატეგორიები და ამ ეტაპზე მხოლოდ B კატეგორიით სარგებლობენ. ამ პირებს შეცვლის ვალდებულება არ აქვთ 1 მარტამდე. მათ ვადის ამოწურვის შემდეგ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ, მომართონ მომსახურების სააგენტოს და ყოველგვარი დამატებითი პროცედურების, მათ შორის გამოცდის ჩაბარების გარეშე შეცვალონ მართვის მოწმობა.