სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიერ მომსახურების გაწევის შედეგად სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაინტერესებულ პირთა მობილური ტელეფონის ნომრის ასახვის, შეცვლის, წაშლისა და დაბლოკვის პროცედურები:

   სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის შედეგად სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აისახება დაინტერესებული პირის (მაგალითად: სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის, სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლის, დეკლარანტის, შეზღუდულქმედუნარიანი პირის კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის, იურიდიული პირის წარმომადგენლის ან სხვა უფლებამოსილი პირის, მძღოლობის კანდიდატის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირის და ა.შ.) მობილური ტელეფონის ნომერი. მობილური ტელეფონის ნომრის სააგენტოსათვის გამჟღავნება ნებაყოფლობითია და ხორციელდება ზეპირი ან წერილობითი ფორმით. მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახული მობილური ტელეფონის ნომერი სააგენტოს მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას:

• დაინტერესებული პირისათვის გაწეული მომსახურებ(ებ)ის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით;

• ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაინტერესებული პირის ინფორმირების მიზნით;

• საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის შედეგად, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახული მობილური ტელეფონის ნომერი სააგენტოს მიერ გადაეცემა:

• საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის შესახებ სამართალდამრღვევი პირის ინფორმირების მიზნით;

• მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდღვეთა კოდექსის საფუძველზე, დადგენილი სახდელ(ებ)ის შესახებ დროულად ინფორმირების მიზნით;

• რაიონული (საქალაქო) სასამართლოს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე, ნაფიც მსაჯულთა კანდიდატისათვის კითხვარისა და უწყების ჩაბარებისა და მასთან ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით;

• საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოებს - საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით;

• მონაცემთა სუბიექტის თანხმობით, ფიზიკურ, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.

დაინტერესებულ პირს უფლება აქვს სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახული მობილური ტელეფონის ნომრის შესახებ ინფორმაციის მიღების, ასევე მობილური ტელეფონის ნომრის გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის ან წაშლის მიზნით სააგენტოს მიმართოს ზეპირი ფორმით: ე.წ. „ცხელი ხაზი“-ს მეშვეობით ან სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის მიზნით ჩატარებული სხვა საქმისწარმოების ფარგლებში, ან წერილობითი ფორმით/სააგენტოში განცხადების შეტანის გზით.

ე.წ. „ცხელი ხაზის“ მეშვეობით მობილური ტელეფონის ნომრის გასასწორებლად, გასაახლებლად, დასამატებლად, დასაბლოკად ან წასაშლელად, დაინტერესებული პირი უნდა დაუკავშირდეს მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზს (1272) და მისი იდენტიფიცირების მიზნით ოპერატორს უნდა აცნობოს:

• სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი;

• საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი, სარეგისტრაციო მოწმობის ან შასის/VIN კოდის ბოლო 4 სიმბოლო ან მის სახელზე გაცემული მართვის მოწმობის სერია/ნომერი, მინიჭებული კატეგორია/ქვეკატეგორია;

• ბაზაში რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერი.

მოთხოვნის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში სააგენტო ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან აცნობოს დაინტერესებულ პირს უარის თქმის საფუძველი.

სააგენტოში დაინტერესებული პირის მიერ ახალი მოთხოვნის წარდგენამდე, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახული მობილური ტელეფონის ნომრის შესახებ მონაცემი ითვლება ნამდვილად და ზუსტად.